FAQ

რა ნომერია სამინისტროს ცხელი ხაზი?

სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 153. ზარი უფასოა. დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერი მობილურის ქსელიდან ინდექსის გარეშე. ცხელ ხაზზე დაკავშირება შესაძლებელია  ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.

რა დოკუმენტებია საჭირო ნადირობისათვის ?

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორ გადავიხადო გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი?

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკისკოდი: 220 101 222;

ანგარიშის ნომერი: №200122900;
ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინოკოდი: 3033;
განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის:
ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი).
9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ
თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა.

ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033

მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახისგანმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033;              

 ახმეტისათვის 3 0054 3033;

 რუსთავისათვის 3 0006 3033;

 ქუთაისისთვის 3 0018 3033;

 ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

სად არის აკრძალული ნადირობა?

ნადირობა აკრძალულია  სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

როდის არის ნადირობა დაშვებული გადამფრენ მფრინველებზე?

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დაშვებულია აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.

რა მეთოდებით არის აკრძალული ნადირობა?

აკრძალულია მცენარეული საფარის დაწვა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. 

დაშვებულია თუ არა სასროლი ბადით თევზაობა?

სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა დაშვებულია სასროლი ბადით მთელი წლის მანძილზე.

აკრძალულია სასროლი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი 4,5 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა – 20 მმ-ზე ნაკლები

დასაშვებია თუ არა ჩანგლით თევზაობა ?

ჩანგლით თევზაობა შეიძლება სათვალით, ფანრის გარეშე. ასევე ნებადართულია წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.

როგორ მოვიქცე თუ გარემოსდაცვით დანაშაულს შევესწარი ან მის შესახებ ვფლობ ინფორმაციას?

გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის ნახვის ან ინფორმაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ სამინიტროს ცხელ ხაზზე -153 ( ზარი უფასოა, აკრიფეთ ინდექსის გარეშე, ანონიმურობა დაცულია).

როგორ დავიწყო მუშაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში?

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის წესით, ხოლო ამავე  კანონის 31–ე მუხლის თანახმად, საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით

რა სახის ნებართვაა საჭირო წყლის მოპოვების ან წყალსარგებლობისთვის?

საერთო წყალსარგებლობისათვის ნებართვა საჭირო არ არის.

  • წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური) სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე.

მიწისქვეშა წყლით სარგებლობის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მიწისქვეშა წყალი განეკუთხვნება წიაღისეულს, მისი მოპოვებისათვის საჭიროა მიიღოთ შესაბამისი ლიცენზია, რისთვისაც უნდა მიმართოთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტს.

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შემთხვევაში „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #17 დადგენილების თანახმად „ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას, ცალკეული წყალმოსარგებლე, რომლის საქმიანობა არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შეიმუშავებს ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს”, რომელსაც ითანხმებს  საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი“.

,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის“ შეთანხმებისათვის საჭიროა მიმართოთ საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს) შესაბამისი განცხადებით და „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #17 დადგენილების დანართი 4-ით განსაზღვრული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის შევსებული ფორმით (2 ეგზემპლიარი)..

,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტში“ მითითებული უნდა იყოს საქმიანობის სუბიექტი, საქმიანობის ადგილმდებარეობა, საქმიანობის სახე, ზედაპირული წყლის ობიექტის დასახელება, წყლის ამოღების წერტილი,  რეგლამენტის მოქმედების სასურველი დრო (არა უმეტეს 5 წლისა), ამოღებული წყლის რაოდენობა ათას კუბ.მ-ებში თვეების მიხედვით. 

რა სახის ნებართვაა საჭირო ჩამდინარე წყლებისათვის?

იმ საქმიანობებისათვის რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას ჩამდინარე წყლებისათვის სპეციალური ნებართვა არ არის საჭირო. სავალდებულოა „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #17 დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრული „საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტის“ პირობების დაცვა.

ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების საკანალიზაციო სისტემაში, აგრეთვე საკუთრებაში მყოფი წყალსამეურნეო სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები განისაზღვრება აღნიშნული სისტემის მფლობელთან შეთანხმებით.

რა სახის და ოდენობის გადასახადია გადასახდელი წყალსარგებლობისათვის?

მიწისქვეშა წყლით სარგებლობისათვის გადასახადი განისაზღვრება ლიზენზიის პირობებით, ხოლო ზედაპირული წყლის სარგებლობისათვის გადასახადი, არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

 

რა სახის დამატებითი ვალდებულება მეკისრება წყალსარგებლობის დროს?

სავალდებულოა დაიცვათ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რაც ასევე მოიცავს ვალდებულებას წყლის ობიექტის დაბინძურების, დანაგვიანების და დაშრეტისგან დაცვას. ასევე ,,წყლის შესახებ" და ,,სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, წყალმოსარგებლეები ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, წყლის რესურსების მართვის სამსახურში (ქ. თბილისი, გულუას ქ.#6, 0114, ტელ: +995 32 2727226) წარმოადგინონ ყოველი წლის 15 თებერვლამდე ,,სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №04-I-01" (წლიური), რომლის შევსება ხორციელდება "წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ" ინსტრუქციის შესაბამისად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების მიერ შევსებული ფორმების შეგროვება ხდება უშუალოდ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ყოველი წყლის 15 იანვრამდე.

 

იმ შემთხვევაში თუ წყლის ობიექტი ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზეა, მეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება?

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა „საერთო წყალსარგებლობით“ განსაზღვრული შემთხვევებისა.

რა არის ტყითსარგებლობა და რა სახის ტყითსარგებლობა არის დასაშვები?

ტყითსარგებლობა არის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის გამოყენება და არსებული ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე რესურსების მოპოვება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოში დაშვებულია შემდეგი სახით ტყითსარგებლობა:

ა) ხე-ტყის დამზადება;

ბ) მიჩენის მიზნით სარგებლობა;

გ) სპეციალური მიზნით სარგებლობა;

დ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა;

ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;

ვ) ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;

ზ) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;

თ) სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება;

ი) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

კ) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით

სარგებლობა;

ლ) თევზის მეურნეობის მოწყობა;

მ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;

ნ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ო) კომპლექსური ტყითსარგებლობა;

პ) კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება.

რა არის სოციალური ჭრა?

სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

რა არის სანიტარული ჭრა?

სანიტარული ჭრა უნდა განხორციელდეს სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე კორომების სა­ნიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობის შე­მ­­თხვევაში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტო­რია­ზე ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ და­ზიანებული ხეების მოჭრას.

ხდება თუ არა ტყის ხელოვნური განახლება?

უმეტეს შემთხვევაში ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა.

2015 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბორჯომის პლატო) მოხდა 3.4 ჰექტარზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, ასევე მიმდინარეობს სამუშაოები 27.7 ჰა სანიტარული ჭრების შედეგად ჭრაგავლილ ფართობებზე. 2008 წელს ბორჯომ-ხარგაულის ეროვნულ პარკში ტყის ხანძრის დროს გადამწვარი ფართობებიდან აღდგენილია 80 ჰა, მომზადებულია და დამტკიცებულია 40 ჰა ფართობზე ტყის აღმდგენი 2 პროექტი. გრძელდება დანარჩენი ფართობების შესწავლა. 

როგორ ხდება ტყეში მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა?

სატყეო პათოლოგიური კვლევის შედეგად დგინდება ხმობის გამომწვევი მიზეზები.

დადგენილი/იდენტიფიცირებული მავნებელ-დაავადებების მიხედვით შედგება შესაბამისი ღონისძიებები  კორომის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. დაავადების (სოკო) აღმოჩენისას ძირითადად ინიშნება სანიტარული ჭრები. მავნებლის (მწერი) გამოვლენის დროს კი სანიტარულ ჭრასთან ერთად სხვა ალტერნატიული მეთოდები, მაგალითად როგორიცაა: ფერომონიანი მწერსაჭერები, სატყუარა ხეები, ბიოლოგიური პრეპარატების შეხურება და სხვა...

შეიძლება თუ არა ტყიდან ძირნაყარი ტოტების, ფიჩხების, გირჩის შეგროვება და გამოტანა?

ტყიდან ძირნაყარი ტოტების, ფიჩხების, გირჩის შეგროვება და ტყიდან გამოტანა დასაშვებია მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით.

რა რეგულაციები არსებობს ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისათვის?

დღეს მოქმედი კანონით მოსახლეობას უფლება აქვს მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები.  ლიცენზირებას ექვემდებარება მხოლოდ სოჭის გირჩი, თეთრყვავილას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები. სხვა სახის რეგულაციები გათვალისწინებული არ არის.

როგორ მოვიქცეთ გარეული ცხოველების თავდასხმის შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას (შინაურ ცხოველებს, ნათესებს და ა.შ.) და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება/მოკვლა (რეგულირების ღონისძიება) შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას.

ამ შემთხვევაში, პირი, რომელმაც მოკლა გარეული ცხოველი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მაშინ შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს.

მოკლული გარეული ცხოველი ნადგურდება იმ პირის მიერ, ვინც განახორციელა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული გარეული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისება. დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებებზე და ადგენს შესაბამის აქტს გარეული ცხოველის განადგურების თაობაზე.

თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული წესით, მათი თავდასხმების თაობაზე უნდა ეცნობოს შესაბამის მუნიციპალიტეტს, რომელიც რეგულირების ღონისძიების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. ამის შემდეგ სამინისტრო ახორციელებს ქმედებებს, რათა მოხდეს თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლების გადაცემა შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საშუალებით. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მოახდინოს თავდამსხმელი გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება, ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გათვალისწინებით, მონადირეთა ჯგუფის შექმნის გზით.