საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

სამართალდარღვევები, ქარელის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

სოფელ ქვემო ხვედურეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, გასაბერი ნავიდან ელექტროიარაღის გამოყენებით ბრაკონიერებმა უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის სახეობის 47 კილოგრამზე მეტი თევზი.  

თევზჭერისას ელექტროიარაღს იყენებდნენ მოქალაქეები სოფელ დოღლაურის მიმდებარედაც. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ხრამულის სახეობის 10 კილოგრამამდე თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ორივე ფაქტის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2026 წლის 9 თვეში მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 32 ფაქტია გამოვლენილი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: