სიახლეები
იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე სოფელ ვარძიაში, მდინარე ბორიმელაზე უკანონო თევზჭერას კუსტარულად დამზადებული ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
მოქალაქეებს შეუძლიათ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153, სადაც თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება.