სიახლეები
28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას შეახსენებს, რომ 28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება.
უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.
აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. კანონის შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. სახეობის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.
ნადირობის სეზონის განმავლობაში - 2025 წლის 23 აგვისტოდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 893 სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 9 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სეზონის განმავლობაში, ბრაკონიერებმა, გადამფრენი ფრინველების გარდა, უკანონოდ მოიპოვეს სხვა, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობები. სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოინადირეს 3 ერთეული კავკასიური მურა დათვი, 3 არჩვი და 3 შველი.
ყველაზე მეტი, 311 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 159 სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 134 - დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 72 - ქვემო ქართლში, 64 - მცხეთა-მთიანეთში, 62 - შიდა ქართლში, 51 - კახეთში, 30 კი - სამცხე-ჯავახეთში. 10 სამართალდარღვევა გამოვლენილია დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 642 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 153 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 43 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 46 შემთხვევაში კი, მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 604 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. მათ შორის ყველაზე მეტი, 249 „მანოკი“ გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სეზონის განმავლობაში უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 106 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 3 დათვი, 3 შველი, 2 გარეული ღორი, 3 არჩვი, 15 კურდღელი, 1 ნუტრია, 7 ხოხობი, 3 ქედანი, 7 კაკაბი, 2 ტყის ქათამი, 2 გარეული იხვი, 19 ჩხიკვი, 11 მელოტა, 3 შაშვი, 12 ჩხართვი და 13 მწყერი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად და წარმატებით იყენებს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, ე.წ. ბაგები, სხვადასხვა ტიპის ნავები, კატარღები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში აქტიურად დანერგვის შედეგად, ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა და გამოვლენა 24 საათის განმავლობაში და გაცილებით მეტ ლოკაციაზე გახდა შესაძლებელი.