სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს შიდა ქართლში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მონასტერში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი გამოვლენილია შსს პოლიციის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
შსს ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოვლინდა უკანონო ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ფარდულში. მიმდებარე საქმიან ეზოში კი, სამართალდამრღვევს განთავსებული ჰქონდა 6 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული სხვადასხვა ზომის ბოძი.
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში ლენტური (ვერტიკალური) ტიპის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში კი, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი, რომლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 7 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი, 31-ით ნაკლები, 62 ფაქტი გამოვლინდა.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.