სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წელს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოავლინეს.
3448 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 1089 - ბათუმში, 837 - ქუთაისში, 642 - რუსთავში.
5253 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 763 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 3293 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 2500 - მიკროავტობუსების, 216 სატვირთო ავტომობილების, 6 ავტობუსების, 1 კი ექსკავატორის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი - გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. კონტროლის ღონისძიებების განხორცილებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო. სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამოვლენის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. დღეისათვის, გამონაბოლქვის კონტროლს დეპარტამენტის 15 ეკიპაჟი ახორციელებს. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმება შეძლონ. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი; დაფიქსირდა ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი - 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 5562 ფაქტი გამოავლინა; 2025 წელს კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხ მსხვილ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი) გაცილებით მეტი მანქანის შემოწმება და 454-ით მეტი ფაქტის გამოვლენა მოახდინეს.