სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 16 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა ახმეტის, ლაგოდეხის, თელავის, გურჯაანის, მცხეთის, გარდაბნის, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მერქნისა და მორების უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 25 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გასულ, 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ; ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება - ბოლო 5 წელიწადში ამ მიმართულებით სამართალდარღვევები 50%-ით შემცირდა.