საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის განმავლობაში, უკანონო ნადირობის 682 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან 3 თვეში, 2025 წლის 23 აგვისტოდან 2025 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, 682 სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 245 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 124 სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 99 - დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 62 - ქვემო ქართლში, 53 -  მცხეთა-მთიანეთში, 46 - შიდა ქართლში, 25 - სამცხე-ჯავახეთში, 19 კი, კახეთში.  

სამართალდარღვევები დაფიქსირდა  დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 3 თვეში, თბილისში უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის 9 ფაქტია გამოვლენილი.  

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 597 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 44 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 23 შემთხვევაში მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 14 შემთხვევაში  მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 4 კი, უკანონო ნადირობის, შესაბამისად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტია.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 3 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია  581 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოდან 23 ნოემბრის ჩათვლით უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 46 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 3 დათვი, 2 შველი, 1 გარეული ღორი, 3 არჩვი, 2 კურდღელი, 3 ხოხობი, 3 ქედანი, 3 კაკაბი, 17 ჩხიკვი, 9 მწყერი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: