საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

განცხადებები

#

სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და კანონით დასჯადი ქმედებაა



სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის გარემოს, აზიანებს ნიადაგს, ბიომრავალფეროვნებასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას. აღნიშნული ქმედება კანონით დასჯადია და სამართალდამრღვევს 500-ლარიანი ჯარიმა ეკისრება.

მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენების გადაწვა კვლავ გავრცელებული, თუმცა გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებს მსგავსი ქმედებისგან თავის შეკავების აუცილებლობის შესახებ, სამართალდარღვევები კვლავ ფიქსირდება.

მცენარეული ნარჩენების დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებსა და ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, აუარესებს ნიადაგის თვისებებს, ამცირებს მის ნაყოფიერებას და საბოლოოდ იწვევს ნიადაგის დეგრადაციას. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს გაუდაბნოების პროცესს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას. ამასთან, სამართალდარღვევის გარემოებებისა და სიმძიმის გათვალისწინებით, სამართალდამრღვევს შესაძლოა დაეკისროს გაცილებით მაღალი ოდენობის ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.

საზაფხულო სამუშაოების პერიოდში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნული მიმართულებით გააგრძელებს მკაცრ და უწყვეტ კონტროლს, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ტერიტორიებზე, სადაც მსგავსი სამართალდარღვევების ჩადენის რისკი მაღალია. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, უარი თქვან მცენარეული ნარჩენების დაწვის პრაქტიკაზე, დაიცვან გარემო და გაითვალისწინონ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

შემოგვიერთდით: