30.10.2017 - 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი - 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 ერთეული სახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689,9 მ3 შეადგინა.

მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამ პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 208 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 198 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 10 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მხოლოდ აგვისტოს თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 20 ერთეული სახერხი დანადგარი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ყველა არსებული რესურსის გამოყენებით, 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ხე-ტყის უკანონო მოპოვების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. 

აქვე განვმარტავთ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, გაცემულია ტყით სარგებლობისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მუდმივად ხორციელდება გაცემული ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი.