28.11.2017 - ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა

​გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სოფლებში - მზეთამზე, ახალდაბა, ყვიბისი, გუჯარეთი, ჭობისხევი - ასევე, დაბა წაღვერსა და დაბა არდაგანში, მოქალაქეებს, საცხოვრებელ სახლის ეზოებში, მოწყობილი ჰქონდათ უკანონო სახერხი საამქროები.

ამოღებულია 12 არარეგისტრირებული, ე.წ. "ლენტური ტიპის" სახერხი დანადგარი, 35 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე (მრგვალი მორი) და 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.