27.10.2017 - განცხადება სოციალურ ქსელში საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობის - მდინარის კალმახით ვაჭრობის ფაქტებთან დაკავშირებით

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობის - მდინარის კალმახით ვაჭრობის ფაქტებს და გაცნობებთ, რომ საქართველოში, წითელი ნუსხით დაცული სახეობის გარემოდან ამოღება აკრძალულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა - გადარჩენა, განკურნება, პოპულაციის აღდგენა და სამეცნიერო მიზნები - რაც დადგენილია „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით. ასეთ შემთხვევებში, უნდა გაიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობა. ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ველურ გარემოში მობინადრე სახეობებზე და არ მოიცავს ხელოვნურად მოშენებულ თევზის სახეობებს.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოში არსებობს საკალმახე მეურნეობები, რომლებიც განსაკუთრებული პირობების დაცვით, ტბის კალმახთან ერთად, ე.წ. „წითელწინწკლებიან კალმახს“ აწარმოებენ.

განაყოფიერებული ქვირითის იმპორტი, შესაძლოა მოხდეს იმ საერთაშორისო კორპორაციებისაგან, რომლებიც ოფიციალურად ვაჭრობენ კალმახის განაყოფიერებული ქვირითით (მაგ. დანია, საფრანგეთი და ა.შ.).

საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობის მდინარის კალმახით ვაჭრობის ყოველი ფაქტი, რომელზეც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, საჭიროებს დაზუსტებას, რათა დადგინდეს იმ კონკრეტულ შემთხვევში, თევზი ხელოვნურად არის მომრავლებული, თუ მოპოვებულია უკანონო გზით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დეპარტამენტი მიესალმება მოქალაქეთა აქტიურობას და მაქსიმალურად ჩართულობას ბრაკონიერობასთან ბრძოლაში. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი -153 და თითოეულ შეტყობინებაზე ტარდება ოპერატიული რეაგირება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად გადაამოწმეს ეს კონკრეტული ფაქტიც.

ამ მომენტისთვის, ბათუმის თევზის ბაზარზე უკანონო (ბრაკონიერული) გზით მოპოვებული თევზით ვაჭრობის შემთხვევა არ დასტურდება. თუმცა, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კონკრეტულ ფოტოსთან დაკავშირებით, საკითხის დამატებითი შესწავლა გრძელდება.